მეცნიერებმა „ცოცხალი“ გაჯეტი შექმნეს, რომელსაც შვრია უნდა აჭამო და წყალი უნდა დაალევინო. გამოგონება ერთუჯრედიანი ორგანიზმის წყალობით მუშაობს, რომელზეც უნდა იზრუნო, რომ იმუშაოს.
ყოველწლიურად ადამიანები უამრავ ელექტრონულ მოწყობილობას ყიდულობენ, ხოლო მოძველებულ ან გაფუჭებულს ყრიან. ტექნოლოგიებისადმი ასეთმა არასერიოზულმა დამოკიდებულებამ ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერები საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარების იდეამდე მიიყვანა. მათ გადაწყვიტეს ისეთ მოწყობილობა შეექმნათ, რასაც ადამიანი იოლად ვერ შეელეოდა და რის მიმართაც გარკვეული მიჯაჭვულობა ექნებოდა, - წერს techxplore.com.
მკვლევრებმა ამ მოწყობილობის შესაქმნელად ლორწოვანი ობი (Physarum polycephalum) გამოიყენეს, რომელიც მოძრაობისას გულისცემის სენსორს ააქტიურებს. ამრიგად, გაჯეტის გამოყენების გასაგრძელებლად, მომხმარებელი იძულებულია იზრუნოს ამ ე.წ. ლორწოვანი ობზე, რადგან თუ მას რაიმე დაემართება, სენსორი შეწყვეტს მუშაობას.
ექსპერიმენტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მოწყობილობა იწვევს მიჯაჭვულობას და პასუხისმგებლობას ერთუჯრედიანი ორგანიზმის სიცოცხლეზე. სენსორების ნორმალური მუშაობა კი მთლიანადაა დამოკიდებული საკვებისა და წყლის რეგულარულ მიწოდებაზე.
ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმი, რომელიც მოწყობილობის ეკრანის ქვეშ მდებარეობს, გულისცემის სენსორს ენერგიას გადასცემს. მომხმარებელმა მასზე უნდა იზრუნოს და გამოკვებოს. ინსტრუქციაში წერია, რომ მოწყობილობას შვრია უნდა მივცეთ ორ დღეში ერთხელ და დღეში 1-2-ჯერ პიპეტით წყალი უნდა დავალევინოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, ერთუჯრედიანი ორგანიზმი „იძინებს“, რაც ჯაჭვის მოშლას გამოიწვევს და მოწყობილობა მუშაობას შეწყვეტს.
ექსპერიმენტის მონაწილეები სმარტ საათებს ორი კვირის განმავლობაში ატარებდნენ და თავიანთ შეგრძნებებს აღწერდნენ. ამბობდნენ, რომ თავიანთ საათებს დაუახლოვდნენ, მათ მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გაუჩნდათ, როგორც შინაური ცხოველების მიმართ. ზოგიერთმა საათს სახელიც კი შეურჩია.
მეცნიერებმა ცოცხალი ორგანიზმი გაჯეტის მარცხენა მხარეს მოათავსეს, ხოლო მისთვის განკუთვნილი საკვები - მარჯვნივ. აღმოჩნდა, რომ ტვინის ცენტრის არარსებობის მიუხედავად, ორგანიზმი მშვენივრად ახერხებს სივრცეში ორიენტირებას და საკვების ძებნას - ისინი ქიმიურ სიგნალებს იღებენ და საკვებისკენ მიემართებიან.