ამერიკელმა და ჩინელმა მეცნიერებმა სპეციალური მასალისგან შექმნეს რობოტი, რომელსაც შეუძლია აგრეგატული მდგომარეობა შეიცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ ავიღეთ გალიუმი -მეტალი დნობის დაბალი ტემპერატურით, გავაჯერეთ ის მაგნიტის მიკრონაწილაკებით, ამ მასალას შეუძლია შეიცვალოს თავისი სიმტკიცე, როდესაც ჩვენ ვათავსებთ რობოტს ცვლად მაგნიტურ ველში, მასში გამომუშავდება ელექტრონული მუხტი, რომელიც ათბობს და ადნობს მეტალს და ის გარდაიქმნება სითხედ,“ - აცხადებს ქარმელ მაჯიდი, soft machines lab –ის წარმომადგენელი.
რობოტს პირველყოფილ სახეს უბრუნებენ ჩამოსასხმელი ფორმის მეშვეობით. მეცნიერების თქმით, მათი ინსპირაცია იყო ზღვის კიტრი (ჰოლოთურია), რომელიც ცვლის საკუთარი ქსოვილების სიმტკიცეს, დრეკადობას. მას შეუძლია საკმაოდ მკვრივი მდგომარეობიდან გადავიდეს რბილ, თითქმის ჟელესმაგვარ მდგომარეობაში.
„ჩვენ ვცდილობდით შეგვექმნა მასალა, ნაკლებ ტრავმული ცოცხალი ორგანოებისა და ქსოვილებისთვის, ვიდრე დღესდღეობით არსებობს, მაგალითად მცირედ ინვაზიური ოპერაციების ან კონკრეტული ორგანოსთვის მედიკამენტის მიწოდებისთვის, ბიოფსიის ჩატარებისთვის ან უცხო სხეულების ამოღებისთვის“- აცხადებს მეცნიერი.