როგორ აპირებს ქართული ოცნება პროცედურულად აგენტების შესახებ კანონების გაწვევას. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, რაც შეეხება საქართველოს პარლამენტში პროცედურებს, ერთი კანონპროექტი„ხალხის ძალამ“ უკან გაიხმო უკვე, მეორე კანონპროექტი კი მეორე მოსმენაზე ჩავარდება.
„ერთი კანონპროექტი გამოხმობილი იქნა ხალხის ძალის მიერ, მეორე კანონპროექტი მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება, ამის შესახებ კიდევ ერთხელ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას. გიდასტურებთ. ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს,“- განაცხადა მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, კანონპროექტების გაწვევის მიზეზი არის ის რომ მათ რისკის ქვეშ არ დააყენეს საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.