2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის ერთი თვე რჩება, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები დასკვნით ფაზაში შედის, ასევე გააქტიურებულია ფინანსური შემოწირულობებიც. კომერსანტმა პარტიების ბოლო 3 თვის შემოწირულობები შეაჯამა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ქართული ოცნებამ პირველი ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით 229 როგორც ფულადი, ასევე არაფულადი შემოწირულობა მიიღო. შემომწირველთაგან 7 იურიდიული, ხოლო 222 კერძო პირი იყო. ქართულმა ოცნებამ ყველაზე მეტი შემოწირულობა აგვისტოში მიიღო, ბოლო სამი თვის ჯამმა 4 278 084.5 ლარი შეადგინა, აქედან პარტიამ 43 884 არაფულადი შემოწირულობის სახით მიიღო. ამ პერიოდში ქართულ ოცნებას ყველაზე მაღალი თანხა 60 000 ლარი 24-მა კერძო პირმა შესწირა.
რაც შეეხება შპს-ებს, მათმა შემოწირულობამ ჯამში 128 000 ლარი შეადგინა და მათგან ყველაზე დიდი თანხის შემოწირულობა 60 000 ლარი შპს „ჯონთაუერსმა“ განახორციელა.
შემოწირულობის მიხედვით, რიგით მეორეა ახლად შექმნილი პარტია „საქართველოსთვისაა“. მის სასარგებლოდ ჯამში, როგორც ფულადი, ასევე არაფულადი შემოწირულობა 164 976 ლარი განხორციელდა. აქედან არაფულადი შემოწირულობა 109 626 ლარია.
შემომწირველებს შორის არიან პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ბერდია სიჭინავა, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერილია და გიორგი ხოჯევანიშვილი. ძირითადი შემომწირველები ფიზიკური პირები არიან, ყველაზე დიდი ფულადი შემოწირულობა - 23 000 ლარი ეკატერინე ვეფხვაძემ განახორციელა, ხოლო ყველაზე დიდი ოდენობის 25 000 და 23 000 ლარის არაფულადი შემოწირულობა 2-მა ფიზიკურმა პირმა განახორციელა. გარდა ამისა, შპს „ლიდერ ბილდერმა“ 20 000 ლარიანი არაფულადი შემოწირულობა განახორციელა.
სამ თვეში რიგით მესამე პარტია შემოწიულობების მოცულობებით ლელო საქართველოსთვისაა, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით შემოწირულობების ჯამმა 84 830 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი შემოწირულობა – 25 000 ლარი ნიკა ხაზარაძის სახელზეა. ამ სამ თვეში იურიდიული პირების მიერ ლელოს სასარგებლოდ შემოწირულობა არ ფიქსირდება.
შემოწირულობების მოცულობების მიხედვით რიგით მეოთხე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. სამი თვის განმავლობაში პარტიამ შემოწირულობის სახით 77 070 ლარი მიიღო, აქედან 21 390 ლარი პარტიამ არაფულადი დონაციის სახით მიიღო. ამ პერიოდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ 30 შემოწირულობა განხორცილდა , მათ შორის ყველაზე მაღალი 11 560 ლარის შემოწირულობა გიორგი სურმავამ განახორციელა. ამ სამი თვის განმავლობაში იურიდიულ პირებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვს შემოწირულობა არ განუხორციელებიათ.
რაც შეეხება კიდევ ორ საპარლამენტო ძალას, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „მოქალაქეებს“, არც გიორგი ვაშაძის და არც ალეკო ელისაშვილის პარტიას, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს შემოწირულობა არ უფიქსირდება.
თაკო კვაჭანტირაძე