ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება, 60 მლნ ევროს მოცულობით, „უბრალოდ საჩუქარი“ რომ არ იქნებოდა საქართველოსთვის, თავიდანვე ცხადი იყო. ეს ფული, რომელიც ევროგაერთიანებამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში გამოყო, სწორად და ეფექტიანად გატარებულ რეფორმებს უნდა მოხმარდეს.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ თანხის გამოყოფის საკითხი პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას.
„შარლ მიშელის განცხადება იმეორებს მის ვიზიტამდე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში სპიკერის პეტერ სტანოს განცხადებას და პირდაპირ მიანიშნებს საქართველოში მართლმსაჯულების ამ სახით რეფორმის მიუღებლობაზე ევროკავშირისთვის. შესაბამისად, მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გადაცემა საქართველოსთვის პირდაპირ არის დამოკიდებული აღებული ვალდებულების პირნათლად შესრულებაზე“, – აცხადებს ლაშა ძებისაშვილი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ევროკავშირის გაფართოვების პერსპექტივის არარსებობის გამო, ევროკავშირი დიდად არის დაინეტესებული, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები უფრო ქმედითი თანამშრომლობის ფორმატში ჩააბას და გააძლიეროს თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით. პროგრესი ამ სფეროებში პირდაპირ აისახება ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ დაახლოვებაზე, მიიჩნევს პროფესორი.
შესაბამისად, ძებისაშვილის აზრით, პროგრესი დემოკრატიულ მმართველობაში და, ამ მხრივ, მართლმსაჯულების სისტემაში, არის ის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომლის შესრულებასაც ბრიუსელი ითხოვს საქართველოსგან ეკონომიკური და სხვა სახის დახმარებების მისაღებად.
„ბრიუსელს თბილისზე მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, ისევე როგორც ინსტიტუციური თანამშრომლობის ბერკეტები გააჩნია, იქნება ეს თანამშრომლობა სამართალდამცველებს შორის, უსაფრთხოების სხვა სფეროები (ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება და ა.შ.) თუ ინფრასტრუქტურა, ენერგოსფერო და განათლება. აღნიშნული ბერკეტების გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ყველა მნიშვნელოვან სფეროში, რომელშიც საქართველო თანამშრომლობს ევროკავშირთან და მნიშნელოვან ფინანსურ თუ კონსულტაციურ დახმარებას იღებს, მოხდება თანამშრომლობის, ანუ, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშნელოვანესი სიახლეების დანერგვის შეჩერება გაურკვეველი დროით. რა თქმა უნდა, ზეწოლის დამატებითი ბერკეტია სექტორული ან ინდივიდუალური სანქციების შემოღებაც“, – უთხრა „კომერსანტს“ პროფესორმა ლაშა ძებისაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ორშაბათს, 19 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმების და ეს საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა კონსულტაციების შედეგებს სრულად არ ასახავს.
„მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმების და ეს არის წინაპირობა საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების. სწრაფი დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იმ კონსულტაციების შედეგებს სრულად არ ასახავს. ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა.
მთავარია ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ის თავისუფლება, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. კონსტიტუციური უფლება - პრესის და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. მე ვარ კმაყოფილი, რომ ყველა ხელმომწერი შეთანხმებისა თავის ვალდებულებას ასრულებს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
შარლ მიშელის ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტს ამ დრომდე არ აწერენ ხელს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო.