პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შეფასებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის. მისი თქმით, ხელისუფლებას მეტი გონიერება მართებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტრაგიკომედიად არ იქცეს.
„ძალიან კარგად მახსოვს, წინა არჩევნები იყო, მაშინ კომენტარი გავაკეთე, რომ საერთოდ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ეს იყო ორგანიზებული კომედია, რომელიც არჩევნების წინა დღეს მოგვიწყვეს. ეს ყველაფერი გადაივლის, ქართველი ამომრჩეველი დაფიქრდება, რა ხდებოდა პირველი ტურის და მეორე ტურის შემდეგ. მთავრობას მეტი გონიერება მართებს, რომ ეს ტრაგიკომედია არ გახდეს. მიშა სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აპარატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე არ უნდა იზრუნოს. რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან სრული ზრუნვა მათ ჯანმრთელობაზე და ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, ისე არ გააკეთონ, რომ სახელმწიფო და ქვეყანა დააზიანონ“, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ ჰოსპიტალიზაციის საკითხი უსწრაფესად გადაწყდეს და გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო, რადგან, მათივე შეფასებით, ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს კონსილიუმის მოთხოვნილ სტანდარტებს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, თქმით, ყველაზე მაღალი რისკი, რომელიც სააკაშვილს ემუქრება, გულის გაჩერებაა, შესაბამისად ციხის საავადმყოფოში კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე უნდა არსებობდეს. ნიკა გვარამია ეჭვობს, რომ ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება. მისი ვერსიით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. გვარამია ამტკიცებს, რომ ციხეში უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციაზე იზრუნებს, თუმცა ეს დაბრალდება აღშფოთებულ ციხის პუბლიკას. პრემიერმა ღარიბაშვილმა გვარამიას ამ ეჭვს ბოდვა უწოდა და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია აბსურდულია. რაც შეეხება სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული. პრემიერი ამბობს, რომ ყველა პატიმარი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით შიმშილობს, საჭიროების შემთხვევაში, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში, სადაც ყველა საჭირო პირობაა შექმნილი და ეს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით არ გადაიხედება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, თუმცა მის შიმშილს სიმულაციას უწოდებს "ქართული ოცნების " თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. სააკაშვილს საპატიმროში ხშირად სტუმრობს პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარი არასდროს იქნება. კითხვას, რამდენად განიხილება ოცნებაში სააკაშვილის გათავისუფლება, ღარიბაშვილი თავდაჯერებული პასუხობს: „გამორიცხულია! სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში!“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. ის ციხიდან წერილებს რეგულარულად ავრცელებს. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. მესამე პრეზიდენტს ბრალად ედება 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, „ტელეიმედში” შეჭრის სანქცირება და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლება. ქართული მართლმსაჯულება მას ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თითქმის 9 მილიონი ლარის გაფლანგვაშიც ადანაშაულებს.