იმ ხალხმა, ვინც დღეს ხელი მოაწერა პარლამენტში არშესვლას და მანდატების გაუქმებას, თბილისის ქუჩაში, ცივ ამინდში, უარი თქვა თბილ შენობაში კომფორტულ სავარძლებზე და ყოველთვიურ ხელფასზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
საკაშვილი ყველას მადლობას ეუბნება, ვინც სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმისა და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადებებს მოაწერა ხელი.
„იმ ხალხმა, ვინც დღეს ხელი მოაწერა პარლამენტში არშესვლას და მანდატების გაუქმებას, თბილისის ქუჩაში, ცივ ამინდში, უარი თქვა თბილ შენობაში კომფორტულ სავარძლებზე და ყოველთვიურ ხელფასზე, ასევე ივანიშვილის შემოთავაზებულ ორ მილიონზე თითო ადამიანზე. თქვა უარი იმის გამო, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე – ეს არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა. ამიტომ ჩემგან, როგორც საქართველოს ერთ-ერთი შვილისგან, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.
შეიძლება, ადრე ბევრ თქვენგანს არ ვეთანხმებოდი, ვაკრიტიკებდი, მაგრამ დღეს მართლა ქედს ვიხრი თქვენი სამოქალაქო გმირობის და გამბედაობის წინაშე. ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვების საწინდარი რაც დღეს მოხდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმისა და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადებებს მოაწერა ხელი. განცხადების თანახმად, საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატები, უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე. ამასთან, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელს აწერენ საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებასთან დაკავშირებულ განცხადებასაც.
1tv.ge