საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამეციდინო განყოფილებაში იმყოფება, მოსანახულებლად დღეს მხოლოდ მისი პირადი ექიმი შევა.
როგორც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სააკაშვილის უფლებადამცველებს დღეს გლდანის ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ ექნებათ.
ამასთან, როგორც თუთბერიძემ განმარტა, სააკაშვილი მოთავსებულია სართულზე, სადაც სხვა პატიმრები არ იმყოფებიან.
„განცალკევებულ სართულზეა. ეს არის საკანი და არა სამედიცინო დანიშნულების პალატა“, - განაცხადა თუთბერიძემ.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ნახვას გუშინდელი დღიდან ცდილობს, აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარი მიიღო.
„ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მივიღე. ვწუხვარ საქართველოს მთავრობის მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილი ნების ნაკლებობის გამო და ვიმეორებ, რომ ჯერ კიდევ არსებობს სიტუაციის მოგვარების შანსი. საქართველოს მთავრობა სრულადაა პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“, – წერს ანა ფოტიგა „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამეციდინო განყოფილებაშია მოთავსებული, 44-ე დღეა შიმშილობს.
წყარო: ინტერპრესნიუსი