კონსტიტუცია ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის საფუძველი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის - ბევრი ფაქტორი იქნება მხედველობაში მისაღები, მათ შორის, როგორია სასამართლოს გადაწყვეტილება ნასამართლობის საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ეს არ არის საკითხი, რომელზეც უალტერნატივო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ამიტომ მხედველობაში ბევრი გარემოება იქნება მისაღები. სარჯველაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ ყოფილა პრეცედენტები, როცა ნასამართლევი პირები არჩეულან პარლამენტში დეპუტატად.
„საკითხი მარტივად გადასაწყვეტი არც ერთ შემთხვევაში არ არის და მას ყოველმხრივ შეფასება სჭირდება. წინასწარ საუბარი არ შეიძლება, არც რაიმე განწყობით მოქმედება იქნება რეკომენდებული. განხილვისას მოცემულობა ობიექტურად უნდა შევაფასოთ. ფორმალური საფუძველი არსებობს, ეს ნიშნავს იმას, რომ საკითხი განხილული უნდა იყოს, როგორი იქნება გადაწყვეტილება, მსჯელობას უნდა დაველოდოთ.
ეს რომ იყოს ისეთი საკითხი, რომელიც უალტერნატივო გადაწყვეტილებას გულისხმობს, ასეთ შემთხვევაში, გარდაუვალი სამართლებრივი რეზულტატი იქნებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს და ეს აუცილებლად მოითხოვს მსჯელობას და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღებას.
ბევრი ფაქტორი იქნება მხედველობაში მისაღები, მათ შორის, როგორია სასამართლოს გადაწყვეტილება ნასამართლობის საკითხთან დაკავშირებით და ბევრი სხვა. აქ გარემოებების სიმრავლეა. თავისთავად ნასამართლობა არ ქმნის იმის საფუძველს, რომ დეპუტატისთვის ეს დაუშვებელი იყოს, ჩვენ ვიცით, რომ არჩეულან ისეთი პირები, რომლებსაც ჰქონდათ ნასამართლეობა,“ - განაცხადა სარჯველაძემ.
IPN.GE