მთავრობისგან 1 ლარად ნაყიდ ნაკვეთზე „ორბი ჯგუფს“ ბახმაროში ტურისტული პროექტის განხორციელება 3 წლის თავზეც არ დაუწყია

მთავრობისგან 1 ლარად ნაყიდ ნაკვეთზე „ორბი ჯგუფს“ ბახმაროში ტურისტული პროექტის განხორციელება 3 წლის თავზეც არ დაუწყია

access_time2022-10-13 10:00:44

„ორბი ჯგუფი“ კურორტ ბახმაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობს, სადაც სტუმრების მიღებას 2024 წლის ზაფხულისთვის ვარაუდობს.


„ორბი ჯგუფმა“ ბახმაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 43 269 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 2019 წლის მაისში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდა. ქონება „ორბი ჯგუფმა“ გარკვეული ვალდებულებების სანაცვლოდ შეიძინა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან 2019 წლის 17 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ ასრულებს ვალდებულებებს ინვესტორი და რა ეტაპზეა კურორტის განვითარების გეგმები, მაშინ როდესაც ადგილზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.


კომპანიის ვებგვერდზე პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსებული არ არის. საიტზე ბახმაროს პროექტზე იძებნება მხოლოდ „ორბი ჯგუფის გენერალურ დირექტორის პანდემიამდე ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, რომ პროექტის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმებოდა.


„კომერსანტი“ კომპანიასთან დაკავშირებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი კავშირზე არ გამოდიოდა.


საბოლოოდ „კომერსანტმა“ დაკავშირება კომპანიის იურისტთან შეძლო, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დროისათვის პროექტირების ეტაპი სრულდება, რომელზედაც LLC Wilkinson Eyre Architects limited და MAD ARCHITECTSEUROPO მუშაობენ.


მალე „ორბი ჯგუფი ბახმარო“ განაცხადს გდგ-ზე შეიტანს, რომლის დამტკიცებაც წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში მოხდება.


როგორც ცნობილია, კლიმატური პირობების გამო ბახმაროში წლის განმავლობაში მშენებლობის ვადები შეზღუდულია, თუმცა კომპანიაში მიაჩნიათ, რომ არსებული კლიმატის გათვალისწინებით გაზაფხულზე სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებენ.



„ორბი ჯგუფი ბახმაროს“ იურისტი ამბობს, რომ არსებული ვადა პროექტის განხორციელებისთვის საკმარისია, თუმცა შესაბამისი არგუმენტების წარდგენის საფუძველზე შესაძლებელია ვადის გახანგრძლივებაც.


სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოდან ოფიციალურად გამოთხოვილ ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი წერია, რომ ინვესტორი ვალდებულია გადაცემულ მიწის ნაკვეთზე პირადად ან მესამე პირის მეშვეობით ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 60 თვეში უზრუნველყოს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) მინიმუმ 120 ნომრის მქონე სასტუმრო(ებ)ს, კომერციული დანიშნულების ფართ(ებ)ს, კვების ობიექტ(ებ)ს; სპორტულ მოედანს/მოედნებს, ქონების ან მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას.


შესაბამისად „ორბი ჯგუფი ბახმარო“ ვალდებულია პროექტი 2024 წლის ივნისის ბოლომდე დაასრულოს.


ასევე ინვესტორის ვალდებულებაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის განმავლობაში ტერიტორიაზე არ განახორციელოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.


იქვე ნათქვამია, რომ საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით ინვესტორმა არანაკლებ 50 მლნ ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიცია უნდა განახორციელოს.


როგორც „ორბი ჯგუფის“ იურისტი აღნიშნავს, ხელშეკრულებაში ინვესტიციის მინიმალური რაოდენობაა მითითებული და რეალურად მოცულობა დღევანდელი გათვლებით 2-ჯერ მეტი იქნება.


„ორბი ჯგუფის“ Youtube არხზე განთავსებულ ინტერვიუში, რომელიც 2019 წლის 6 ივნისით თარიღდება კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს და კომპანიის მიზანია, ბახმარო 4 სეზონიან კურორტად იქცეს.


„შეიქმნას თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და სერვისი, რაც საშუალებას მოგვცემს, ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიზიდოთ.


ჩვენი საინვესტიციო პროექტის მიხედვით აშენდება სასტუმრო კომპლექსი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტული მოედნები, რესტორნები, კაფეები; სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრები, მოეწყობა ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ღია და დახურული აუზები, პარკინგი, და ა.შ. რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად მოემსახუროს 300 000-ზე მეტ ტურისტს, რაც 20-ჯერ მეტია დღეს არსებულთან შედარებით და ამ მხრივ უნიკალური მოვლენაა არა მარტო ბახმაროსათვის, არამედ გურიისთვისაც. ეს იქნება უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მოიზიდავს მაღალბიუჯეტიან ტურისტებს, რაც გურიის ეკონომიკისათვის მძლავრი სტიმული იქნება. იგი სოლიდურ შემოსავლებს მისცემს, როგორც ბიუჯეტს, ისე მოსახლეობას. სტაბილურად დასაქმდება ათასობით ადამიანი“, - აცხადებდა კვერღელიძე.


კომპანიის ხელმძღვანელი 2019 წელს ინვესტიციის ზრდასაც აანონსებდა, ხოლო 2021 წელს პროექტის დასრულების პირობასაც იძლეოდა.


„სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების შესაბამისად, ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 50 მილიონი ლარია, მაგრამ კომპანია აღნიშნულ პროექტში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის დაბანდებას გეგმავს, სასტუმრო ნომრების ფონდი კი 120-დან 800 ნომრამდე გაიზრდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დასაქმდება 2 ათასამდე ადამიანი. მიმდინარე წელს ჩატარდება გეოლოგიური კვლევები, მოხდება პროექტირება და განხორციელდება სხვა მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მომავალი წლიდან აქტიურად დაიწყება მშენებლობის პროცესი, რომელიც 2021 წლისთვის დასრულდება.


დღემდე მსგავსი მასშტაბისა და ფუნქციონალური დანიშნულების პროექტი ბახმაროში არ განხორციელებულა, ეს არის პირველი პრეცედენტი“, - აცხადებდა 2019 წელს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ ხელმძღვანელი ირაკლი კვერღელიძე.


2020 წლის დასაწყისისთვის პანდემიის დაწყებამ გლობალურმა ეკონომიკამ სერიოზული დარტყმა მიაყენა. ამას თან დაერთო მზარდი ინფლაცია და ბოლოს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც ფასების ზრდა ეკონომიკის ყველა სეგმენტში განაპირობა. ამ ფონზე გაძვირდა მშენებლობებიც და შესაბამისად ინვესტორსაც პროექტის ღირებულება გაუძვირდებოდა. თუმცა რამდენად მოასწრებს „ორბი ჯგუფი“ 2024 წლის 17 ივნისამდე პროექტის რეალიზებას და მიმართავს თუ არა სახელმწიფოს ვალდებულებების გადავადებისთვის ამ დროისთვის უცნობია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up