18 აპრილიდან მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლების შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ერთ-ერთი აეროპორტის - ვნუკოვოს საიტზე აღარ იძებნება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს იყო ტექნიკური გაუმართაობით შექმნილი პრობლემა.
ვნუკოვოს განრიგში ცვლილებები არ არის. ამ დროისთვის ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება ტაბლოზე. ყველა საჭირო ზომა მიიღება მის აღმოსაფხვრელად, - აცხადებენ აეროპორტში.
თავდაპირველად ინფორმაცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა გაავრცელა. მისივე თქმით, რეისი თბილისის მიმართულებით განრიგიდან გამოჩენიდან 10 წუთის შემდეგ გაქრა და ვერც ქალაქი თბილისის შერჩევაა შესაძლებელი მიმართულებების სიიდან.
აეროპორტის ვებგვერდი იტყობინებოდა, რომ 2023 წლის 18 აპრილიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით Georgian Airways პირდაპირ ფრენებს განახორციელებდა ყოველდღიურად, მოსკოვის დროით 11:45 საათზე.
„ეხო კავკაზა“ წერდა, რომ ისინი განრიგში თბილისის გამოჩენის შემდეგ დაუკავშირდნენ „ვნუკოვოს“ საინფორმაციო სამსახურს, სადაც დაადასტურეს, რომ ეს იყო პირდაპირი რეისი და არა ერევნის გავლით.