საქართველოდან 15-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა 7 დეკემბერს მოსკოვში გამართულ ფორუმში.
რუსეთის სტრატეგიული კულტურის ფონდის ვებსაიტის ცნობით, ფორუმის „რუსულ-ქართული ურთიერთობები: მისი განვითარების პერსპექტივები“, ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტი და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“.
როგორც სტრატეგიული კულტურის ფონდი იუწყება, „პირველად მრავალი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ღია დიალოგისა და მწვავე საკითხების განსახილველად.
რუსეთის მხრიდან ფორუმში მონაწილეობდა უკრაინელებისა და დასავლეთის დისკრედიტაციით გამორჩეული „გორჩაკოვის ფონდი. კიევში მისი საინფორმაციო ცენტრი 2015 წელს დახურა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და მიზეზად „ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის გავრცელება“ დაასახელა.
ღონისძიების მონაწილეთა შორის იყო საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, „პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ის 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციების დროს, მთავარ ორგანიზატორთან, „ალტ-ინფოსთან“ ერთად აქტიურობდა.
რუსეთიდან ფორუმში წარმოდგენილი იყვნენ სახელმწიფო დუმის დეპუტატები, მათ შორის, ლეონიდ კალაშნიკოვი, რომელიც 2 დეკემბერს დუმის სპიკერთან, ვიაჩესლავ ვოლოდინთან ერთად იმყოფებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმში და შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას.
რუსეთის სტრატეგიული კულტურის ფონდის ცნობით, მოსკოვში გამართულ ფორუმზე განხილული იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების, პირდაპირი ავიარეისების აღდგენის და რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკითხები.