მიმდინარე მოვლენებს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი ეხმაურება:
„გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გამო. მიუხედავად საზოგადოების მრავალი წარმომადგენლისა და სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროტესტისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ერთსულოვანი რჩევისა, 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებებს. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ამ კანონის მიღება არ პასუხობს საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს, რადგან ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის გაცხადებულ კურსს და ძლიერ აზიანებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს. თუ მიღებული იქნება, კანონი მძიმე შედეგს მოუტანს სამოქალაქო საზოგადოებასა და მის ორგანიზაციებს და თავისუფალ მედიას. ის მტკივნეულად შეეხება კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებსაც, რომელთათვისაც საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო ფონდებისა და ინსტიტუციების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი და უარი თქვას მის შემდგომ განხილვაზე, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და კონსტიტუციურად დადასტურებულ ევროატლანტიკურ კურსს.“— ნათქვამია განცხადებაში.