მოხარული ვარ, მხარი დავუჭირო თქვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის პროცესში და ძალზედ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს პროცესი ძალიან კარგ დასასრულამდე მიგვიყვანს, — განაცხადა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა, რომელიც დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს პრაღაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.
მისი თქმით, გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის პროცესში.
„ჩვენ უფრო ვამყარებთ მჭიდრო მეგობრობას საქართველოსა და გერმანიას შორის“, – განაცხადა მარკო ბუშმანმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. პარტნიორობა უფრო ინტენსიური გახდება სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში; გერმანელი ექსპერტები კი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში ჩაერთვებიან.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში მიიწვია.