მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად - ასე ეხმაურებააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი საქართველოში მიმდინერა მოვლენებს.
„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო საათის მოვლენებს. ვხედავთ ცნობებს, რომლებიც თბილისიდან მოდის, რომლის თანახმადაც, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს ე.წ. "უცხოური აგენტების" წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხის, მთავრობის, მთელი მსოფლიოს მოსახლეობისა და მთავრობებისადმი არის, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავის უნივერსალურ უფლებებს.
მსოფლიოს მოსახლეობის უნივერსალური უფლებაა შეკრება, რომ მათი ხმები გაიგონ, თავისუფლად საუბარი, მათი მთავრობებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრება. გავაგრძელებთ საქართველოში ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უფლება, ეს არის მსოფლიოში ყველა ქვეყნის მოსახლეობის უფლება“, — განაცხადა ნედ პრაისმა.
რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს, სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მოქალაქეების პროტესტი ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა.