უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და რთული ბრძოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებზე იცავს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიო საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთი დასაჯოს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო.
„ეს კვირა არის კიდევ ერთი კვირა, როდესაც ჩვენმა ჯარისკაცებმა და თითოეულმა მათგანმა, ვინც სახელმწიფოს დაცვაში გვეხმარება, კიდევ უფრო მოაახლოვა უკრაინის გამარჯვება. მათ მოიგერიეს თავდასხმები, გაანადგურეს ოკუპანტი, ძირი გამოუთხარეს მტრულ პოზიციებს და ლოჯისტიკას, დაიცვეს ჩვენი საზღვრები და ქალაქები. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც ახლა ბრძოლაშია!
მსოფლიო საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთი ომისთვის დასაჯოს. და ჩვენ მივცემთ მსოფლიოს საკმარის გამბედაობას და საკმარის ინსტრუმენტებს, რათა სასჯელი დადგეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც გვეხმარებიან იურიდიული ურთიერთქმედების ქსელის ჩამოყალიბებაში ისე, რომ შესაბამისი სასჯელები გამოცხადდეს და განხორციელდეს,“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.