მსოფლიოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ - ქვეყნებმა ყველა რეგიონიდან, დიდმა თუ პატარამ, რომლებიც წარმოადგენენ იდეოლოგიებისა და მთავრობების ფართო სპექტრს, ხმა მისცა გაერო-ს წესდების დაცვას და დაგმო რუსეთის უკანონო მცდელობა, განახორციელოს უკრაინის ტერიტორიის ძალის გამოყენებით ანექსია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული.
მისივე განცხადებით, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს 143 ქვეყანა დადგა.
ბაიდენის თქმით, მსოფლიომ მკაფიო გზავნილი გაუგზავნა რუსეთს, რომ ის ვერ შეძლებს რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლას და საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლას.
„გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპებზე თავდასხმით, რუსეთი ანადგურებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს. ამ კონფლიქტის რისკები ყველასთვის გასაგებია და მსოფლიომ საპასუხოდ მკაფიო გზავნილი გააგზავნა: რუსეთი ვერ შეძლებს რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლას. რუსეთი საზღვრებს ძალით ვერ შეცვლის. რუსეთის სხვის ტერიტორიას ვერ მიისაკუთრებს. უკრაინას აქვს იგივე უფლებები, როგორც ყველა სხვა სუვერენულ ქვეყანას. მას უნდა შეეძლოს საკუთარი მომავლის თავად არჩევა და მის ხალხს უნდა შეეძლოს მშვიდად ცხოვრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეასთან ერთად, ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის მიწის ძალის გამოყენებით მოპარვას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს წესდებას და იმ უფლებებსა და დაცვას, რომელსაც ის უკრაინასა და მის ხალხს - ასევე ყველა სახელმწიფოსა და ხალხს აძლევს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას გმობს. რეზოლუციას 143-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ ხმა, რუსეთთან ერთად, მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ მისცა : სირიამ, ნიკარაგუამ, ჩრდილოეთ კორეამ და ბელარუსმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი 35-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, შეიკავა.