მთავრობა AS-332 L1e ტიპის ვერტმფრენს ყიდის და სანაცვლოდ 3 სამაშველო შვეულმფრენს ყიდულობს, რომელთ ღირებულება 26 500 000 ევროა. შეთანხმება კომპანია Airbus Helicopters -თან გაფორმდება.
პირობის მიხედვით, Airbus Helicopters S.A.S თანახმაა 5.5 მლნ ევროდ შეიძინოს AS-332 L1e ტიპის ვერტმფრენი თავისი აღჭურვილობით. როგორც სასაზღვრო პოლიცია განმარტავს, Airbus თანახმაა შეღავათიან ფასად, მოაწოდოს საქართველოს H 145 ტიპის შვეულმფრენი (რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც საპოლიციო ასევე სამაშველო მისიებში) და შესაბამისი სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები. ამასთან AIRBUS-ი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგებს.
„H145 მცირე ზომის მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. იგი აღჭურვილია 2 ძრავით, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ვინაიდან ერთი ძრავის დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია მეორე ძრავამ აიღოს სრული დატვირთვა, მას გააჩნია დახურული კუდა ხრახნი, რაც უსაფრთხოების მხრივ უნიკალურია … და შეუძლია 6000 მეტრის სიმაღლეზე ოპერირება“, – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში.
ახალი შვეულმფრენების მოწოდება ეტაპობრივად მოხდება: პირველი შვეულმფრენი ჩამოვა 17 თვის, მეორე– 19 თვის, ხოლო მესამე 20 თვის განმავლობაში.
შესყიდვისთვის საჭირო თანხა ეტაპობრივად იქნება მობილიზებული. სასაზღვრო პოლიციისათვის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში გადახდილი იქნება 15 700 000 ევროს ეკვივალენტი ლარში; 5 500 000 ევროს ეკვივალენტი ლარში გადახდილი იქნება Airbus Helicopters SAS-ის მიერ საპრივატიზებო თანხის ჩარიცხვის შემდგომ, ხოლო დარჩენილი 5.3 მლნ ევროს ეკვივალენტი ლარში სასაზღვრო პოლიციისთვის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.