მთელი დასავლეთი და ნორმალური სამყარო რუსეთის წინააღმდეგაა და ჩვენ ამ ფონზე ვზრდით ეკონომიკურ დამოკიდებულებას - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა, იმ კვლევის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ჩვენმა ქვეყანამ რუსეთიდან 2022 წელს 3-ჯერ მეტი შემოსავალი მიიღო.
„უდავოა ის ფაქტი, რომ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაზრდილია და რა თქმა უნდა ეს პრობლემაა. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და გარდა ამისა არის ქვეყანა, რომელიც არის უკრაინასთან მიმდინარე ომში.
მთელი დასავლეთი და ნორმალური სამყარო მის წინააღმდეგაა და ჩვენ ამ ფონზე ვზრდით ეკონომიკურ დამოკიდებულებას. სულ რომ მტერი არ იყოს, მაგრამ მტერია, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება, პრობლემურია.
ჩვენ ვიცით საკუთარი გამოცდილებიდან, რომ შეუძლია ნებისმიერ დროს გადაგვიჭრას ის არხები, რომელიც გაჭრა ამ ბოლო წლების განმავლობაში. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით რუსეთთან მიმართებაში და სამწუხაროდ, ეს არ გავაკეთეთ. ჩვენ ამის ძალიან ცუდი საკუთარი გამოცდილება გვაქვს და არა წიგნში წაკითხული. ყველა ფორმის დამოკიდებულება, იქნება ეს ენერგო რესურსებზე, თუ ხორბალზე, პრობლემურია. არავისთვის არაა საიდუმლო ის ფაქტი, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, როგორც კი დაჭირდება,“ - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.