„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს ამბობს. ისინი მეორე ტურშიც არ მიიღებენ მონაწილეობას. მათი თქმით, არჩევნების შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.
პარტია მთავრობის სახლთან ხვალ აქციას გეგმავს. უმაღლეს საბჭოში ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა: „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში მეორე ტური ამ ორი პარტიის კანდიდატებს შორის გაიმართება.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.
მანდატებზე უარი უკვე თქვეს „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ევროპულმა საქართველომ“.
imedinews.ge