რას სთავაზობენ თბილისელებს მერობის კანდიდატები – დაპირებები კომპეტენციის მიღმა

რას სთავაზობენ თბილისელებს მერობის კანდიდატები – დაპირებები კომპეტენციის მიღმა

access_time2021-09-17 13:00:41

თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის 3 მთავარი კანდიდატი იბრძვის, მათგან ერთ-ერთს – ნიკა მელიას საარჩევნო პროგრამა არ გააჩნია. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ 2 ოქტომბერს რეფერენდუმია. მათი დაპირებები: კოალიციური მთავრობა, სასამართლო რეფორმა, სუს-ის გაუქმება... მერიისა და საკრებულოს კომპეტენციას სცდება. როგორც ჩანს, ჰიპოთეტურად, მელიას დაპირებები უფრო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო დანიშვნით ხელისუფლებაში მოსული პარტიის ლიდერის პოზიციიდან ისმის, ვიდრე მერობის კანდიდატისგან.



ე.წ. რეფერენდუმის იდეა 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ გაჩნდა. იმ შეთანხმების შემდეგ, რომელზეც ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მხოლოდ 4.5 თვის თავზე მას შემდეგ მოაწერა, რაც ქართულმა ოცნებამ ის ანულირებულად გამოაცხადა. შეთანხმება ოპოზიციის პარლამენტში შესვლას ითვალისწინებდა, სანაცვლოდ მმართველ პარტიას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაენიშნა იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ნაციონალურმა მოძრაობამ შარლ მიშელის შუამავლობით შედგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტა და პარლამენტში შევიდა. ასევე შეთანხმების საფუძველზე ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა. გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა გადაიხადა. მელიას საქმე გირაოთი არ დასრულებულა, სექტემბერში მან ამნისტიის მიღებაზე უარი განაცხადა. საქმე დღემდე ძიებაშია.



ქართულ ოცნებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას კანონი არ ავალდებულებს. წინასწარ იმის განსაზღვრაც შეუძლებელია, აიღებს თუ არა მმართველი პარტია ქვეყნის მასშტაბით 43%-ს. მას 9 წლის წინანდელი რეიტინგი აღარ აქვს, თუმცა ადმინისტრაციული რესურსი და ნაციონალური მოძრაობის საფრთხობელად წარმოჩინების ტაქტიკას ისევ მიჰყვება.



არჩევნების წინ არარეალური დაპირებების გაცემა პირველი შემთხვევა არ არის. გასულ საუკუნეში, მაშინ როცა პენსია ჯერ კიდევ 8 ლარი იყო და ისიც წელიწადში 5-ჯერ „იყინებოდა“, პრეზიდენტობის კანდიდატმა როინ ლიპარტელიანმა 500 ლარიანი პენსიის დაპირება გასცა (დღევანდელ პენსიას თუ 62-ჯერ გავზრდით, 15 000 ლარს მივიღებთ). ცალკეული პოლიტიკოსები და პარტიები ამომრჩევლებს, მმართველობის 1 ვადაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ანაბრების დაბრუნებას, 0%-იან კრედიტებს, კომუნალური გადასახადების განახევრებას, ან სულაც გაუქმებას, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას ჰპირდებოდნენ.



კომპეტენციის აღრევა შედარებით ახალია. მერის არჩევნებზე მელია კენჭს 2014 წელსაც იყრიდა. მის ერთ-ერთ დაპირებას საწვავზე აქციზის გადასახადის განულება წარმოადგენდა. აქციზის გადასახადის განაკვეთს პარლამენტი განსაზღვრავს, მისი შეცვლა არც მერს და არც საკრებულოს სრულ შემადგენლობას არ შეუძლია. ანალოგიურად ვერც მერია და ვერც საკრებულო სუს-ს ვერ გააუქმებს და ვერც სასამართლო რეფორმას გაატარებს.



უცნაური და შეუსაბამო დაპირებებით მმართველი გუნდი ძირითადად რეგიონებში გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც თითქმის ყველა ქალაქს ტურისტულ მექად ქცევას, ქუთაისს კი „ტორპედოს“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში არწმუნებს.




ის ფაქტი, რომ მელიას დაპირებები არარეალურია, იმას არ ნიშნავს, რომ კალაძის ან გახარიას გამარჯვების შემთხვევაში მათი ყველა დაპირება შესრულდება. გასულ 4 წელში კალაძის დაპირებული ელექტრო ავტობუსები და მიწისზედა მეტრო დაპირებად დარჩა, მაგრამ მათი დაპირებები, რაც ძირითადად მუნიციპალურ ტრანსპორტს, გზებს, მშენებლობასა თუ ქალაქის ბიუროკრატიულ აპარატს მერიის კომპეტენციას განეკუთვნება, პოლიტიკური ნებისა და საკმარისი ფინანსების მოძიების შემთხვევაში შესრულებადია.



კალაძესა და გახარიას პროგრამა გაოფიციალურებული დოკუმენტის სახით არ წარმოუდგენიათ, თუმცა პრეზენტაციები, ვიდეო მიმართვები და სატელევიზიო გამოსვლები შეიძლება მას გავუთანაბროთ. ტარიფების განახევრება არც 2012 წლის არჩევნების ოფიციალურ პროგრამაში სწერებია ქართულ ოცნებას, მაგრამ რადგან მსგავსი განცხადება პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, მას როგორც შეუსრულებელი და ასევე არარეალური დაპირების ნიმუშს დღემდე იყენებენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ.



კალაძის დაპირებები ძირითადად ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურაზეა მიმართული, მოიცავს ახალი ავტობუსებისა და მეტროს ვაგონების შემოყვანას, მეტროს სადგურების რეაბილიტაციას, ახალ საბაგირო ხაზებს, გამზირების რეაბილიტაციას, ასევე გამწვანებას, სკვერებს, სპორტულ მოედნებს, „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებას.



ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ თავის გამოსვლებში კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი. მან ასევე თბილისის უბნების არათანაბარი განვითარების პრობლემაზეც ისაუბრა. მანვე ერთხელ აღნიშნა, რომ მეტროს სრულ რეაბილიტაციამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო უნდა იყოს და ავტობუსების რაოდენობა 300-ით კი არა 900-ით უნდა გაიზარდოს.



წინა, 2017 წლის არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული ალეკო ელისაშვილი ამჯერად კენჭს აღარ იყრის, თუმცა საკრებულოს არჩევნებში მისი პარტია - მოქალაქეები მონაწილეობს. ელისაშვილი თავადაა ჩართული კამპანიაში. მისი განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს მეტრო წარმოადგენს და პირობას დებს, რომ საკრებულოდან პარტია ახმეტელისა და მარჯანიშვილის მეტროების მეორე ამოსასვლელების დამატებას, ასევე ვაზისუბანში ახალი სადგურის გახსნის ინიციატივას დააყენებს, სადაც სამუშაოების უდიდესი ნაწილი უკვე დასრულებულია.



დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოში თვითმმართველობის პირველი არჩევნები 1991 წლის 30 აპრილს ჩატარდა. სამხედრო გადატრიალებამ არჩევნების ციკლიც დაარღვია და შემდეგი თვითმმართველობის არჩევნებამდე 7 წლის ლოდინი გახდა საჭირო. 2002 წლის საკრებულოს არჩევნებზე მოქალაქეთა კავშირმა თბილისში მხოლოდ 2.5% აიღო და ბარიერიც კი ვერ გადალახა. საკრებულოს თავმჯდომარე მომავალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა. 2006 წელს პირველად თბილისში მერი საკრებულომ აირჩია, იქამდე მას პრეზიდენტი ნიშნავდა. საკრებულოს მიერ არჩეული პირველი მერი გიგი უგულავა იყო. 2010 წელს უგულავა გახდა ასევე პირველი მერი, რომელიც ქალაქის მოსახლეობამ საყოველთაო კენჭისყრით აირჩია. მან ხმათა 55.2% მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა ირაკლი ალასანიამ - 19%.



2014 წელს ყველა ქალაქმა და რაიონმა მერები და გამგებლები საყოველთაო კენჭისყრით პირველად აირჩია. თბილისში მმართველი გუნდის კანდიდატმა დავით ნარმანიამ პირველ ტურში 46.1% აიღო, ნიკა მელიამ - 27.9%. მეორე ტურში ნარმანიამ 72.5%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, მელიამ კი 27.5% აიღო.



თვითმმართველობის კოდექსის ცვლილების გამო, შემდეგი არჩევნები 4-ის ნაცვლად 3 წლის შემდეგ გაიმართა. მმართველი პარტიის კანდიდატმა კახა კალაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა. მან ხმათა 51% აიღო. მეორეზე ადგილზე 17.4%-ით დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გავიდა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა კი 16.6%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. ელისაშვილმა უდუმაშვილთან შედარებით 3500 ხმით მეტი აიღო. ელისაშვილმა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 2014 წელს საბურთალოზეც დაამარცხა. მაშინ მან 33.6% აიღო, ქართული ოცნების კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 28.8%, მეხუთე ნომერმა 24.5%. მოგვიანებით გავრცელებული ხმები, რომ თითქოს მმართველ პარტიას ელისაშვილისთვის საბურთალოზე კონკურენტი არ დაუყენებია, სიცრუეა.



რა უფრო პრიორიტეტულია ამომრჩევლისთვის, სასამართლო რეფორმა და სუს-ის გაუქმება, თუ 24 საათიანი წყალი, გამწვანება, შიდა გზებისა და სატრანსპორტო პრობლემის მოგვარება, 2 ოქტომბერს გამოჩნდება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up