ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუდმივმოქმედ კომიტეტის სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და მის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება დაგმო.
მისი განცხადებით, 14 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის შემდეგაც კი, რუსეთი არ დასჯილა და მის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ გატარებულა.
„საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული ერთეულების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებას და რუსეთის სამხედრო აგრესიას ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ ეს არ უნდა იყოს გასაკვირი რომელიმე ჩვენგანისათვის. მსგავსი რამ უკვე მოხდა 2008 წელს ჩემს ქვეყანაში, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. მას შემდგომ 14 წელი გავიდა და რუსეთის წინააღმდეგ არ დაწესებულა არანაირი სანქცია, ან რამენაირად არ დასჯილა ამ შემოჭრისათვის. ამიტომაც ისინი შეგულიანებული არიან იმოქმედონ იგივე სცენარით.
მინდა პარალელი გავავლო „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასთან“ - გაბრიელ გარსია მარკესის ბრწყინვალე ნოველასთან. 3 თვეა ჩვენ უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომის ქრონიკას ვუყურებთ, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის ახალი აგრესიის შესაჩერებლად ვერაფერი მოიმოქმედა. მიმაჩნია, რომ თუ გვსურს შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული სამართლებრივი საერთაშორისო წესრიგი, უნდა ვიმოქმედოთ ახლა! სხვაგვარად, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ იქნება მათ მიერ განხორციელებული ბოლო აგრესია, ისევე, როგორც რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ არ იყო ბოლო”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
IPN.GE