ელჩის გაწვევა დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ რაღაცით ქვეყანა არის უკმაყოფილო, თუ ეს ეხება მოხალისეების გაგზავნას, საქართველო მოხალისეების გაგზავნას ხელს არ უშლის, თუ ვინმეს იქ სურს წასვლა, მას შეუძლია აიღოს ბილეთი და წავიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„ჩვენი მხრიდან კითხვები არის შემდეგში, რა მიზეზით არის გაწვეული ელჩი მაშინ, როცა ანალოგიური განცხადება გააკეთა ბევრმა სახელმწიფომ, მათ შორის, მოლდოვა, ისრაელი, რომლებიც ახლო პარტნიორები არიან უკრაინის და მათ მიმართ ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა. შესაბამისად, მართლა გაუგებარია ჩემთვის, რა გახდა მიზეზი. ელჩის გაწვევა თავისთავად დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ რაღაცით ქვეყანა არის უკმაყოფილო, შესაბამისად, ჩვენც გვინდა გავიგოთ, რით არის უკმაყოფილო, თუ ეს ეხება მოხალისეების გაგზავნას, საქართველო მოხალისეების გაგზავნას ხელს არ უშლის, თუ ვინმეს იქ სურს წასვლა, მას შეუძლია აიღოს ბილეთი და წავიდეს, თუმცა, სახელმწიფო მებრძოლებს არ გააგზავნის, რადგან ეს იქნება ჩვენი მხრიდან ომში ჩართვა და ქვეყნისთვის, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსეთის ჯარი დგას თბილისიდან 30 კილომეტრში და ცენტრალური მაგისტრალიდან 400 მეტრში, ომში ჩართვა იქნება დამანგრეველი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დღეს უკრაინამ საქართველოდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
imedinews.ge