1-ლი თებერვლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გრაფიკი მკაცრდება, რადგან თებერვალში, იანვართან შედარებით, რუსეთი მას ელექტროენერგიის მიწოდებას უმცირებს. ინფორმაციას რუსული მედია „ჩერნომორენერგოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
თუ იანვარში ელექტროენერგიის ნაკადის მოცულობა 250 მლნ კვტ/სთ იყო, თებერვალში ის 190 მლნ კვტ/სთ-მდე დაეცემა.
გრაფიკი გამკაცრდება ოკუპირებულ აფხაზეთის იმ რეგიონებშიც, რომლებიც ენგურჰესზე არიან დამოკიდებული. ამას „ჩერნომორენერგოში“ წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი დონით - 410 მ და წყლის მცირე მოცულობით შემოდინებით ხსნიან.
„შეზღუდვები შეეხება ყველა მომხმარებელს, რადგან გამორთვას ექვემდებარება არა ცალკეული ქვესადგურები, არამედ მაღალი ძაბვის ხაზები“, - განმარტავენ „ჩერნომორენერგოში“.
გამოქვეყნებული გრაფიკით თუ ვიმსჯელებთ, ელექტროენერგია აბონენტებს დღეში სამჯერ ორი საათით გაეთიშებათ.