სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 7 მაისიდან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს „მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს პრესსამსახური ცნობით, ძალოვანი უწყებები განსაკუთრებული რეჟიმით იმუშავებენ ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის დროსაც.
დღეს დილიდან ცხინვალის მთავარ მოედანზე მისასვლელი გზებიც გადაკეტილია, რადგან იქ სამხედრო აღლუმის გენერალური რეპეტიცია, მძიმე ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს.
წინასწარი გეგმის მიხედვით, ყველა „სახელმწიფო დაწესებულება“ და სასიცოცხლო-სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი გაძლიერებული დაცვის ქვეშ იქნება.
7 მაისს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფები საარჩევნო უბნებზე საინჟინრო-გამნაღმვით მოკვლევას ჩაატარებენ ტექნიკური საშუალებების და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობით, რის შემდეგაც საარჩევნო უბნებს პოლიციის თანამშრომლები 24 საათიან დაცვაზე გადაიყვანენ.
ასევე, 8 და 9 მაისს, სადღესასწაულო ღონისძიებების ადგილებზე გამნაღმველები ტერიტორიას დაათვალიერებენ და შემდეგ დაცვის რეჟიმში გადაიყვანენ.
8 მაისს, საარჩევნო უბნების შესასვლელებთან ამომრჩევლებს შეამოწმებენ ხელის ლითონის დეტექტორებით. კენჭისყრის შენობებში კი პოლიციელები იმორიგევებენ.
წყარო: "რადიო თავისუფლება"