OpenAI-მ GPT 4 ოფიციალურად წარმოადგინა. ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებულ ენის მოდელს შეუძლია ინფორმაციის აღქმა არა მხოლოდ ტექსტით, არამედ ვიზუალურადაც.
როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, GPT-4 უფრო კრეატიული და თანამშრომლობისთვის მოსახერხებელი გახდა, ვიდრე მისი წინამორბედი GPT 3.5 იყო. მას შეუძლია შექმნას, შეცვალოს და შეასრულოს ისეთი კრეატიული და ტექნიკური წერის ამოცანები მომხმარებლებთან, როგორიცაა სიმღერების შექმნა, სცენარის წერა, მომხმარებლის წერის სტილის სწავლა, სურათის გაანალიზება და ა.შ. GPT 4-ს ასევე შეუძლია 25 000-ზე მეტი სიტყვიანი ტექსტის დამუშავება.
„6 თვე დავხარჯეთ, რომ GPT 4 უფრო უსაფრთხო და თანმიმდევრული გაგვეხადა. ჩვენი შიდა შეფასებით, GPT 4 82%-ით ნაკლებად რეაგირებს აკრძალული კონტექტის მოთხოვნაზე და 40%-ით უფრო რეალური პასუხების გაცემა შეუძლია, ვიდრე GPT 3.5-ს“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათი თქმით, გაუმჯობესებულია სხვადასხვა ტესტების, მათ შორის - LSAT-ის (შესავალი ტესტი მომავალი იურისტებისთვის), SAT Math-ის (მათემატიკის ტესტი) და SAT Evidence-Based Reading & Writing-ის (კითხვისა და წერის გამოცდები) შედეგებში. ამ ტესტებში GPT 4-მა 88% და მეტი ქულა მოაგროვა.
GPT-4-თან ერთად ხელმისაწვდომი იქნება ChatGPT Plus ჩატბოტის ფასიან ვერსია და API დეველოპერებისთვის აპლიკაციებისა და სერვისების შესაქმნელად.
ბევრი სიახლის მიუხედავად, OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა Twitter-ზე დაწერა, რომ GPT 4-ს ჯერ კიდევ ხარვეზები აქვს და სრულყოფილი არ არის.