ოთარ შამუგია საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში შერაზ გარსს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება ქვეყანაში ლიბერალური საგადასახადო სისტემის საფუძველზე ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემოს მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„მოგეხსენებათ, საქართველოს მინიჭებული აქვს ევროპული პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, რაშიც ჩვენი მეგობარი ქვეყნების და, რა თქმა უნდა, საფრანგეთის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ჩვენ საფრანგეთთან ეფექტიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რისთვისაც განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო. ვიმედოვნებ, სამომავლო გეგმები კიდევ უფრო აქტიური და ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
„როგორც იცით, ევროკავშირი ღირებულებების და პრინციპის ერთობაა. მე მინდა მოგილოცოთ ევროპული პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, საქართველოს დავეხმაროთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში. ასევე ვფიქრობთ, რომ საქართველო ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული იმპორტზე და ადგილობრივად წარმოებული პროდუქციით თავი უნდა დაიმკვიდროს ევროკავშირის ბაზარზე. მე მივესალმები ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე პროექტებს და აღვნიშნავ, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა შერაზ გარსმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამელიორაციო ინფრასტრუქტურისა და მესაქონლეობის განვითარების, ასევე ღვინის სერტიფიცირებისა და წყლის რესურსების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს უფროსი რაფაელ ჟოზანი და საელჩოს ეკონომიკის სამსახურის უფროსი ფრანსუა ანრი კლოარეკი ესწრებოდნენ.