ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა. აშშ-ის მსგავსად PACE-ც შესაძლო დამაზიანებელ შედეგებზე მიუთითებს.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ფრაქციას, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს, რომელიც მიღების შემთხვევაში დამაზიანებელი ეფექტი ექნება“, - აღნიშნულია ტექსტში.
ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.