19-20 ივნისის მოვლენებზე „ამნისტიის შესახებ“ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ ინიცირებული 2 დამოუკიდებელი დოკუმენტი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს.
როგორც მოსალოდნელი იყო ორივე კომიტეტმა ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის პროექტს დაუჭირა მხარი, შესაბამისად ოპოზიციის ალტერნატიულმა პროექტმა, რომელიც შალვა შავგულიძემ წარადგინა, კომიტეტების მხარდაჭერა ვერ მიიღო. 2- ვე დოკუმენტი 25 მაისს ბიუროს სხდომაზე გავა, სადაც განისაზღვრება, როდის მოხდება მათი განხილვა პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე.
მმართველი გუნდის დოკუმენტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს, ასევე, ევროპული კონვენციით განსაზღვრულ სტანდარტსაც. კერძოდ, ამნისტია არ ვრცელდება ისეთ მუხლებზე, რომელიც წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ითვალისწინებს.
ოპოზიციის კანონპროექტით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები თავისუფლდებიან. ამასთან, განსხვავებით მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული დოკუმენტისგან, ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული ალტერნატიული პროექტი სამართალდამცავების ამნისტირების წინაპირობად დაზარალებულთა თანხმობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღებას შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.
IPN.GE