პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილსა და კახა კუჭავას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
კახა კუჭავასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა 78 დეპუტატმა, ხუთი წინააღმდეგი წავიდა; ბადრი ჯაფარიძე – 77 მომხრე, 38 წინაღმდეგი; ელენე ხოშტარია – 77 მომხრე, ცხრა წინააღმდეგი; შალვა ნათელაშვილი – 79 მომხრე, 28 წინააღმდეგი. სულ რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გუშინდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხარს დაუჭერდნენ შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.
ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. რაც შეეხება კახა კუჭავას, მან პარლამენტის თავმჯდომარეობასა და დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა.
1tv.ge