პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტს სახალხო დამცველი, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით უნდა აერჩია. ეს არის 90 ხმა, რომელიც არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია და საჭირო იყო პოლიტიკური შეთანხმება.
ომბუდსმენობის 19 კანდიდატიდან ოპოზიცია მხარს ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს უჭერდა. მმართველი გუნდი კი - ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას.
საბოლოოდ, უმრავლესობამ არც ერთ კანდიდატს ხმა არ მისცა.
დღეს ვერ აირჩიეს ვერც ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები. მათ ასარჩევად 100-ხმიანი კვორუმი იყო საჭირო, თუმცა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა კანდიდატებმა პარლამენტისგან ნულოვანი მხარდაჭერა მიიღეს.