დღეს მმართველმა პარტიამ ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის შესახებ გააკეთა განცხადება. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა. მან თქვა, რომ უკვირს, როგორ ახერხებენ პოლიტიკური ჯგუფები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ძალადობის მიმართ გამოხატონ სიმპათია თუ ემპათია და იმედგაცრუებულია, რომ პრეზიდენტმა ძალადობის რომანტიზება მოახდინა.
„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობისა, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები. ეს სირენები იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები, ანუ ნიშნავდა, რომ იქ იყო ძალადობა და პოლიციას უწევდა წესრიგის აღდგენა. როდესაც პრეზიდენტი რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერებისა, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პარლამენტის მიმართ და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, ამას ხაზი გავუსვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც მიმდინარეობს პოლიციის მიერ წესრიგის აღდგენის ოპერაცია, პრეზიდენტისგან ხალხი მშვიდობისკენ მოწოდებას მოელის და არა რომანტიზებით პოლიციის დაუმორჩილებლობის წახალისებას.
შეგახსენებთ, რომ 8 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე გააზიარა სირენების ხმაზე მოცეკვავე ახალგაზრდების ვიდეო და დაწერა: „ისინი ცეკვავენ სირენების ხმაზე. მაგარი ახალგაზრდების თაობა“.