საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე ასარჩევად 4 კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცესკოს თავმჯდომარეობაზე წარდგენილია გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები.
რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, პრეზიდენტის განკარგულებით, ცხადდება კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია.
22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის არცერთ კანდიდატს.