„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ – ამ მოწოდებით საქართველოში უპრეცედენტო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. „წინა 9 წელს დაზარალებული დღეს ვამბობ - ეს მთავრობა უნდა წავიდეს-მეთქი, ყოჩაღ“ – დიანა ტრაპაიძე. „ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იქამდე, რომ ვატარებთ აქციას მათ გადასადგომად“ – ვახო სანაია. გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, მიყვეს ყველა მოძალადე, ვინც ეს დაგეგმა! – ინგა გრიგოლია...
ამ და სხვა მწვავე მოთხოვნებით გამოდიან წამყვანი ქართველი ჟურნალისტები 11 ივლისის საპროტესტო აქციაზე. დღესვე, დილით, ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების წევრების მიერ სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მის გარდა, 5 ივლისს 50–ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილე ძალადობრივმა დაჯგუფებებმა.
ქართული მედიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ბევრი მოქალაქე შეუერთდა, ვინც მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ 5 ივლისს განხორციელებულ არაადამიანურ ძალადობას გმობენ.
„კომერსანტი“ სრულად უჭერს მხარს აქციის მონაწილეთა პროტესტს და კიდევ ერთხელ გმობს ძალადობას როგორც მედიის, ისე საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფის თუ მოქალაქის მიმართ.