საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე აცხადებს, ქართული ოცნება ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს.
„როგორც დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, ის აპირებს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღოს ორი კანონპროექტი, რომლებიც უკავშირდება ე.წ. უცხოელ აგენტებს. როგორც თვითონვე განმარტეს, ეს გულისხმობს პრინციპების დონეზე კანონპროექტის მიღებას/დაშვებას. ნებისმიერ კანონში, მთავარია მიზანი, თუ რას ემსახურება და რა კონტექსტში ხდება მისი მიღება/აღსრულება. თუ შევხედავთ მიზანს და კონტექსტს, ცალსახაა, რომ ქართული ოცნება ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს“, — წერს მიხეილ ჯანელიძე.