ბორჯომი-ხაშურის მაგისტრალზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ბანძელაძეების ოჯახის 4 წევრის გარდაცვალება მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სისტემის კოორდინირებული და გამართული მუშაობა მაშინ, როდესაც საქმე გადაუდებელ დახმარებას და ადამიანების სიცოცხლეს ეხება.
26 იანვარს ბაქარ ბანძელაძემ, რომელიც მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მგზავრობდა, ავტომობილის მართვისას საჭე ვერ დაიმორჩილა, გზაზე მოცურდა და მტკვარში გადავარდა...
სამაშველო ბრიგადის დახმარების მოლოდინში გამვლელები წუთებს არ კარგავდნენ და საკუთარი ძალებით მდინარის დინებასთან გამკლავებას და მგზავრების ავტომობილიდან გადმოყვანას ცდილობდნენ... ოჯახი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა, ამ დროს პულსი მხოლოდ ორ მცირეწლოვანს და დედას ესინჯებოდა...ხალხი კი მათ ხელოვნურ სუნთქვენს უტარებდა...სამაშველო ბრიგადა, რომელმაც ავტომობილი მდინარიდან უნდა ამოიყვანოს და პირველადი დახმარება აღმოუჩინოს მგზავრებს, არ ჩანს!!!
პირველი ეკიპაჟი, უახლოესი ლოკაციიდან, ხაშურიდან, ადგილზე იყო 15:15 სთ-ზე, მეორე ეკიპაჟი - 15:18 სთ-ზე. სამაშველო ბრიგადა, რომელმაც ავტომობილი მდინარიდან უნდა ამოიყვანოს ისევ არ ჩანს!!!
ამ დროს, ადგილზეა პატრულის ერთადერთი ეკიპაჟი...
სამაშველო ბრიგადა ადგილზე მივიდა, თუმცა, ავტომობილის წყლიდან ამოყვანას ვერ ახერხებს, რადგან შესაბამისად აღჭურვილი არ არის.. საბოლოოდ ავტომობილი შემთხვევიდან 2 საათში ამოიყვანეს წყლიდან..
ამ დროს, ერთ სასწრაფოში სამი ბავშვია, მეორეში ბავშვების მამა, ხოლო დედა მოქალაქემ საკუთარი ავტომობილით მიიყვანა ხაშურის სამედიცინო ცენტრში, საიდანაც მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში ტრაგიკული შედეგების რაოდენობა მინიმუმამდე შეიძლება გამართულმა და კოორდინირებულმა სისტემამ დაიყვანოს - კარგად აღჭურვილი სასწრაფო დახმარება, დატრენინგებული მედიკოსები, გამართული სისტემა, რომელიც ორიენტირებულია მთავარზე - ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე!
თუმცა, სახეზეა უზუსტობები, რომელზეც საზოგადოება 112-თან მიმართებაში ხშირად საუბრობს:
#1 : ქვიშხეთის მონაკვეთი ბორჯომის რაიონს ეკუთვნის... ბორჯომის სასწრაფო დახმარების პუნქტსა და შემთხვევის ადგილს შორის თითქმის 3-ჯერ მეტი მანძილია ვიდრე შემთხვევის ადგილსა და ხაშურის სასწრაფო დახმარების პუნქტს შორის... ისმის კითხვა, იგზავნება თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისად და რა მოხდა ქვიშხეთში?
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, ეკიპაჟის განსაზღვრა ხდება GPS სისტემით. რაც შეეხება ქვიშხეთის ავტოსაგზაო შემთხვევას, მათივე თქმით, ეკიპაჟები ერთდროულად გაიგზავნა, როგორც ხაშურიდან, ისე ბორჯომიდან.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გამოძახებაზე იგზავნება არა ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისად, არამედ შემთხვევის ადგილიდან უახლოესი ეკიპაჟის პრინციპით, რისი განსაზღვრაც ხორციელდება GPS სისტემით.
რაც შეეხება ქვიშხეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ 15:00 სთ-ზე გამოძახება 2 ინიციატორისგან მიიღო. მათ შორის, ერთი - შემთხვევის ადგილად ასახელებდა ბორჯომთან ტერიტორიულად ახლოს მდებარე ლოკაციას, ხოლო მეორე - ხაშურთან ახლოს მდებარე ლოკაციას. შესაბამისად, ეკიპაჟები ერთდროულად გაიგზავნა, როგორც ხაშურიდან, ისე ბორჯომიდან.
პირველი ეკიპაჟი, უახლოესი ლოკაციიდან, ხაშურიდან, ადგილზე იყო 15:15 სთ-ზე, მეორე ეკიპაჟი - 15:18 სთ-ზე. შემდგომში, ადგილზე კიდევ დამატებით 2 ეკიპაჟი მივიდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადას ყველა პირი გარდაცვლილი დახვდა და ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიყვანეს კლინიკებში, მანამდე ადგილზე გულ-ფილტვის რეანიმაციები ჩაუტარდათ. ტექნიკურად რეანომობილები აბსოლუტურად აღჭურვილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ყველა მანქანა და ყველა რეანომობილი არის აბსოლუტურად გამართული და ჩვენ ამის მონიტორინგს ვახორციელებთ ყოველდღიურ რეჟიმში. — ამბობს კომერსანტთან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურის წარმომადგენელი თაკო სარიშვილი.
#2: ავტოსაგზაო შემთხვევისას, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა როგორც წესი ერთდროულად მოდიან. მტკვარში გადავარდნილი მანქანის წყლიდან ამოსაყვანად სასწრაფოზე ბევრად გვიან მივიდა ადგილზე სამაშველო სამსახურის მანქანა, რომელიც თვითმხილველების ინფორმაციით გაუმართავი იყო და ვერ მოახერხა მანქანის წყლიდან ამოყვანა. ასევე ისმის კითხვა, გამვლელებს რომ არ ამოეყვანათ დაშავებულები და გარდაცვლილები წყლიდან, როგორ აპირებდა 15 წუთში მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა წყალში მყოფი ოჯახისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ალბათ სამაშველოს მოლოდინში, რომელიც საბოლოოდ ვერ გაუმკლავდა ტექნიკურად პრობლემას?
#3: რატომ არ ჰყავს მსგავსი შემთხვევებისთვის 112-ს მინიმუმ 2 ვერტმფრენი მაინც, რომელიც მოვალეობას იმაზე სწრაფად შეასრულებდა, ვიდრე ნებისმიერი ხმელეთზე მოძრავი სამაშველო თუ სასწრაფო დახმარების ბრიგადა?
#4: რატომ ვერ დაიხარჯა 7-წლის განმავლობაში არა მხოლოდ ტექნიკაზე, არამედ 112-ის სისტემურ და სწორ მოწყობაზე, კადრების გადამზადებაზე იმდენივე თანხა მაინც, რამდენიც პრემიებზე?
„კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას სასწრაფოს მისვლისას, ორ მცირეწლოვანს პულსი ესინჯებოდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფორსმაჟორულ სიტუაციაში სასწრაფოს ექიმმა, რომ სამი დაშავებული ერთი რეანომობილით გადაეყვანათ, რადგან მეორე ჯერ ადგილზე მისული არ იყო. ხოლო ბავშვების დედა მოქალაქეებმა კლინიკაში საკუთარი ავტომობილით გადაიყვანეს, რომელსაც რეანიმაციული ღონისძების შედეგად აღუდგა გულისცემა და ხაშურიდან მცხეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ბოლო ინფორმაციით ოჯახის მეხუთე წევრი, 30 წლის ქალბატონი უმძიმეს მდგომარეობაშია.
თვითმხილველი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მგზავრების გადარჩენის პროცესში, „კომერსანტთან“ ამბობს , რომ მათ მოითხოვეს ბრიგადის გამოგზავნა ხაშურიდან, რაც ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა, პასუხად კი მიიღეს, რომ ამისთვის ცალკე გამოძახება უნდა განეხორციელებინათ.
„112-ის მუშაობა რომ ზოგადად პრობლემატური თემაა ამაში ახალი არაფერია, რატომღაც მიაჩნიათ, რომ თუ მანქანებს იყიდიან, სასწრაფო მუშაობს. სასწრაფო სამედიცინო დახმარება არის საკმაოდ რთული სისტემა, მას სჭირდება სწორი აღქმა, სწორი მართვა და მუდმივი ტრენინგი.“ - ასე აფასებს სამედიცინო ექსპერტი ვატო სურგულაძე სასწრაფო-გადაუდებელ დახმარებებთან დაკავშირებულ შემთხვევებს.
„112 ის არსებობა უნდა იყოს იმაზე გათვლილი, თუ რომელი მივა უფრო სწრაფად. სასწრაფო ფოთიდან გრიგოლეთში უფრო სწრაფად მივა მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლეთი ოზურგეთის რაიონს ეკუთვნის. ამის კოორდინაციის საკითხია პრობლემური, უნდა ხდებოდეს სწორი გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი და რამდენი სასწრაფო დახმარების ბრიგადა უნდა გაიგზავნოს. მუნიციპალიტეტის ცნება პირობითია, რა მნიშვნელობა აქვს რომელს ეკუთვნის ესა თუ ის პუნქტი და შემთხვევის ადგილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაიონების მანქანები არ არის რეანომობილები, ეს არის ჩვეულებრივი სახანძრო ბრიგადები, რომელიც არ არის აღჭურვილი შესაბამისად და რეანომობილს ვერ დავარქმევთ.“
ვატო სურგულაძემ მსგავსი შემთხვევებისთვის ვერტმფრენების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ტექნიკის ხარჯებისა, ქვეყანაში ორი ვერტმფრენი მაინც აუცილებლობად უნდა იყოს.
„112-ს ვერტმფრენები არ ჰყავს, თუ სჭირდებათ იყენებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს,რომელიც უნდა აღჭურვო. მე მქონდა საუბარი ამაზე, მაგრამ იმდენად ძვირი არ ღირს რამდენადაც ძვირია შემდეგ მათი შენახვა .“ - ამბობს ვატო სურგულაძე.
ეს არ არის პირველი გახმაურებული შემთხვევა, როცა 112-ის გაუმართავმა მუშაობამ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. არ შეიძლება არ გავიხსენოთ, 16 წლის მოზარდის ლუკა ფოფხაძის შემთხვევასაც, რომელიც ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 20 ივლისს მიიყვანა. მალევე გამოიძახეს რეანომობილი, რომელსაც ბიჭი ქუთაისში უნდა წაეყვანა. თუმცა, ვინაიდან რაჭაში რეანომობილები არ არის, მანქანა ლენტეხიდან წამოვიდა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. ამასთან, გზაში რეანომობილის აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა და პაციენტს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, ამან კი გულ-ფილტვის გაჩერება გამოიწვია.
შეიძლება თუ არა ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული იყოს ის ხარჯები, რომელიც 112-ის გამართულ მუშაობას, ვერტმფრენების დამატებასა, ამ სამსახურის სისტემაში მოყვანასა და კადრების დატრენინგებას სჭირდება? საეჭვოა, რომ საქართველოს გადაუდებელი დახმარების სამსახურის სრულად აღჭურვა იმაზე მეტ თანხებს ითხოვდეს, ვიდრე მმართველი გუნდის მიერ პრემიებზე დახარჯული ფულია!