ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმის განხორციელება გასულ წელს დაიწყო. რეფორმის საბოლოო მიზანი დაავადებების პრევენცია და საჭიროების დროს, მათი მაქსიმალურად ეფექტური მართვაა. მთავარ დოკუმენტზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად იმუშავა.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ 2-დღიან ღონისძიებაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ პირველადი ჯანდაცვის გზამკვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამოქმედო გეგმაში ასახულია ქალაქებსა და სოფლებში, პირველადი ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობისათვის აუცილებელი სერვისები, არსებული ქრონიკული დაავადებებისა ან ახალი სამედიცინო პრობლემების დიაგნოსტიკისა და მართვისათვის საჭირო მომსახურებები თუ პროცედურები, მათ შორის ამბულატორიული გამოკვლევები.
„ამ რეფორმით პირველადი ჯანდაცვა, რეალურად, მოწინავე რგოლი ხდება მთელ სისტემაში, უზრუნველყოფს პაციენტის მკურნალობის უწყვეტობას და, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასზე თანაბარ ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.