საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელიც აშშ-ში იმყოფება, რესპუბლიკელ კონგრესმენებს, კინზინგერს, შაბოს, სისილინს და ბეიკონს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, მისი პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.
პარლამენტის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები იყო უსაფრთხოება და ნატოში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება. საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების ხელმძღვანელებმა ამერიკელ კონგრესმენებს სთხოვეს, აქტიურად ჩაერთონ საქართველოს ლობირებაში, რათა ნატოში გაწევრიანების პროცესი სწრაფად დასრულდეს.
ქართველი პარლამენტარები ამერიკელ კონგრესმენებს ესაუბრნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიასა და რუსეთის გეგმებზე, დაამყაროს სრული კონტროლი პოსტსაბჭოთა სივრცეზე. პარლამენტის ცნობითვე, ამერიკელი კონგრესმენები ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაჰპირდნენ დახმარებას საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით და აღნიშნეს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე აქტიურად იმუშავებენ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესმენმა დონ ბეიკონმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს ხალხის წარმომადგენლებს შეხვდა სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში რუსეთის ჩარევის საწინააღმდეგო თავდაცვის სტრატეგიის განსახილველად. კონგრესმენი ბეიკონი აღნიშნავს, რომ სანქციები არასაკმარისია და საჭიროა პარტნიორების შეიარაღება.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატების და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრთა შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე.
რადიო თავისუფლება