ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის მამის კომპანიამ 27 მლნ-ის ტენდერები მოიგო. აქედან 20 მილიონის, გადეპუტატების შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, ამირან კოპალეიშვილი 2017 წლიდან ქუთაისის საკრებულოს დეპუტატია ქართული ოცნებიდან. კოპალეიშვილების კომპანია შპს „გი-ან 2011“-ის სახელმწიფო შესყიდვებში 2014 წლიდან მონაწილეობს და 27.6 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული. 27.6 მილიონიდან 20 მილიონი კომპანიამ ამირან კოპალეიშვილის დეპუტატად გახდომის შემდეგ მიიღო.
მოგებული 67 ტენდერიდან 21 ქუთაისის მერიის იყო და აქედან 10 ტენდერი კოპალეიშვილის გადეპუტატების შემდეგ გამოცხადებული.
კოპალეიშვილები ქუთაისის ისტორიულ მონაკვეთში 2,148 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, 2016 წლიდან, ფლობენ და იქ მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებას აპირებენ.
2018 წელს ამირან კოპალეიშვილმა საკრებულოში კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატი სცემა, რის გამოც მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, თუმცა პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ, წერს ფლანგვის დეტექტორი.