საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი არ უნდა ჩაიწეროს.
„რა პოზიციაც მაქვს ამ საკითხზე, საზოგადოებისთვის ნათელია. მიმაჩნია, ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს და არ მოგვიხდეს ქართველებს იმის მტკიცება, რომ როგორც კი კრემლს არ მოეწონება ჩვენს მიერ არჩეული ადამიანი, ბოლოს ეს ადამიანი სიკვდილამდე მიგვყავს, რომ არ მოგვიწიოს მტკიცება, რომ რუსეთის ამა თუ იმ ფორმით მანიპულირებული საზოგადოება ვართ, ეს სირთულე უნდა მოიხსნას და დამთავრდეს“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, თუმცა მის შიმშილს სიმულაციას უწოდებს "ქართული ოცნების " თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ექსპრეზიდენტის შიმშილობის არც პრემიერ-მინისტრს სჯერა. მისი თქმით, სააკაშვილი თავისი ამომრჩევლების ემოციებსა და გრძნობებზე მანიპულირებს. პრემიერის მტკიცებით, პატიმარ სააკაშვილის შიმშილობა და მკურნალობაზე უარის თქმა არის ტყუილი.
სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ ჰოსპიტალიზაციის საკითხი უსწრაფესად გადაწყდეს და გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო, რადგან, მათივე შეფასებით, ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს კონსილიუმის მოთხოვნილ სტანდარტებს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, თქმით, ყველაზე მაღალი რისკი, რომელიც სააკაშვილს ემუქრება, გულის გაჩერებაა, შესაბამისად ციხის საავადმყოფოში კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე უნდა არსებობდეს. ნიკა გვარამია ეჭვობს, რომ ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება. მისი ვერსიით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. გვარამია ამტკიცებს, რომ ციხეში უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციაზე იზრუნებს, თუმცა ეს დაბრალდება აღშფოთებულ ციხის პუბლიკას. პრემიერმა ღარიბაშვილმა გვარამიას ამ ეჭვს ბოდვა უწოდა და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია აბსურდულია. რაც შეეხება სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული. პრემიერი ამბობს, რომ ყველა პატიმარი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით შიმშილობს, საჭიროების შემთხვევაში, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში, სადაც ყველა საჭირო პირობაა შექმნილი და ეს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით არ გადაიხედება.
სააკაშვილს საპატიმროში ხშირად სტუმრობს პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარი არასდროს იქნება. კითხვას, რამდენად განიხილება ოცნებაში სააკაშვილის გათავისუფლება, ღარიბაშვილი თავდაჯერებული პასუხობს: „გამორიცხულია! სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში!“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. ის ციხიდან წერილებს რეგულარულად ავრცელებს. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. მესამე პრეზიდენტს ბრალად ედება 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, „ტელეიმედში” შეჭრის სანქცირება და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლება. ქართული მართლმსაჯულება მას ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თითქმის 9 მილიონი ლარის გაფლანგვაშიც ადანაშაულებს.