„ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა „დროა“ კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“!“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 14 მარტს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამითი ცდილობს, მთავრობის შერყევას და შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას.
„ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა.
თუმცა ვეთანხმები ორივეს, ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია.
ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ, მთავრობის ცალკეული განცხადებებისა, თუ მოქმედებების შეფასებაში, რომლებიც უკრაინის ომს და ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. ასეთი განხილვები დახურულ, ოღონდ ინკლუზიურ ფორმატში, ყველას ჩართულობით, მოსმენით და აზრთა გაცვლით უნდა ხდებოდეს და შემდეგ ყველა უნდა იღებდეს მიღებულ გადაწყვეტილებზე ერთობლივ პასუხისმგებლობას. ამ ფორმატის შექმნა კი, ხელისუფლებას ევალება.“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.