დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე პროცესები ამომრჩეველს ხელისუფლების მიმართ უფრო კრიტიკულად განაწყობს, თუმცა საერთო დამოკიდებულებაში განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება - ამის შესახებ „რეზონანთან" საუბარში ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ განაცხადა.
„ამ თემის გარშემო ძალიან ბევრი რამეა უცნობი. ამიტომ ძირითადად პოლიტიკურ კონტექსტში ხდება განხილვა და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს წინასაარჩევნო პროცესის ნაწილი უფროა, ვიდრე სხვა რამ. შესაბამისად, როცა ასეთი პროცესი იწყება, საინფორმაციო კამპანიას აქვს დიდი მნიშვნელობა და საინფორმაციო საშუალებებს ხელისუფლება ამ წუთას თავს არიდებს, თუმცა ძალიან ბევრი კითხვა არსებობს.
„გაურკვეველია მოტივი - რატომ წაუყენეს ასე უცბად უმძიმესი ბრალდება დაკავებულ პირებს? ხომ შეიძლებოდა დაწყებულიყო პროცესი, ვთქვათ, პროფესიული გულგრილობის თემაზე, მაგრამ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და ამავდროულად საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტირება ძალიან უჭირს.
„გარკვეულწილად შეიძლება ამომრჩევლის ხმაზე ამან იმოქმედოს, თუმცა არ მგონია გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს. ჩვენთან აქტიური ამომრჩეველი ადვილად არ ექცევა სხვადასხვა გავლენების ქვეშ. მაგალითად, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არაა გარკვეული ვის უჭერს მხარს, მათ რომ შეექმნათ პოლიტიკური პოზიცია და არჩევნებში გამოიყენონ, საჭიროა დასაბუთებული არგუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დღევანდელი გარეჯის სკანდალი საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ უფრო ნეგატიურს ხდის, ვფიქრობ, რომ რადიკალური ცვლილება მაინც არ იქნება, თუნდაც სხვა ოპოზიციური ჯგუფის სასარგებლოდ.
„დავით გარეჯის საქმე თუ გადაიზრდება ე.წ, ტენდენციად და ფართო მასებში გაიჭრება, მაშინ შეიძლება ჰქონდეს ამომრჩეველზე გავლენა, მაგრამ ახლა ჯერჯერობით განსაკუთრებულ გარდატეხებს ვერ ახდენს და ჩამოუყალიბებელი პოზიციის ადამიანისათვის ეს ყველაფერი საკამრისი არ არის, რომ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის სასარგებლოდ შეცვალოს დამოკიდებულება," - ამბობს არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" საუბრისას.
resonancedaily.com