თბილისის მერმა უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, დავით კაჭარავას მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ეხებოდა და განაცხადა, რომ კაჭარავა ღირსეული ადამიანი და სპორტსმენია.
„დავით კაჭარავა იყო წარმატებული სპორტსმენი, არის ღირსეული ადამიანი და მე ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი დავით კაჭარავა, მეტი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავდეს, მეტი ლაშა ტალახაძე, რომელსაც თქვენ ძალიან ხშირად ლანძღავდით, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდით, მეტი შოთა არველაძე, მეტი ლევან კობიაშვილი სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ რაგბის გულშემატკივრები პეტიციით ითხოვენ, რომ ქართული ოცნებიდან ყოფილმა დეპუტატმა, ამჟამად „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.
ონლაინ პეტიციის მიხედვით, რაგბის კავშირის გამგეობის ხელმძღვანელი „არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ და მეტიც, მოღალატეობრივ პოზიციაში". მორაგბე დავით კაჭარავა კი უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი იყო და კანონის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.
პეტიციას რაგბის კავშირიც გამოეხმაურა, სადაც „საქართველოს რაგბის კავშირი პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას მოუწოდებს, რომ თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან, ნუ ცდილობენ პირადი პოლიტიკურ-მერკანტილური მიზნებისთვის ქართული რაგბის, საქართველოს ღირსების დაკნინებას“.