დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ გახსნა. ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ განაცხადა რომ 14 იანვრამდე ყველას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ორბელიანის მოედანზე დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებას დაესწროს და რაც მთავარია, უნდა ჩავიფიქროთ მშვიდობა.
„ოფიციალურად გაიხსნა საშობაო სოფელი. მიხარია, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა. სასიამოვნო გარემო და განწყობაა. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას, წინსვლას. დღეიდან 14 იანვრამდე, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ესტუმრონ ორბელიანის მოედანს, სადაც სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენა და კონცერტი გაიმართება. გელოდებით, ერთად გავატაროთ ეს სასიამოვნო დღეები. ჩავიფიქროთ მნიშვნელოვანი სურვილები, რომ 2023 წელი კიდევ უფრო წარმატებული, სიცოცხლით, სიყვარულით სავსე იყოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩავიფიქროთ მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„საშობაო სოფლის“ გახსნას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან, მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძესთან ერთად დაესწრო.