Global Innovation Index-ში საქართველოს პოზიცია ერთი წლის განმავლობაში 11 პუნქტით გაუარესდა და ქვეყანა 2022 წლის რეიტინგში უკვე 74-ე პოზიციაზეა. მიმდინარე რეიტინგში პირველ ადგილზე შვეიცარიაა, ხოლო მეორე პოზიციაზე აშშ. რაც შეეხება შემდეგ ადგილებს: მე-3 ადგილზე შვედეთია, მე-4 დიდი ბრიტანეთი, მე-5 კი ნიდერლანდები.
Global Innovation Index-ი 132 ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების რეიტინგს აფასებს და ინოვაციის სუსტ და ძლიერ მხარეებს უსვამს ხაზს.
Future Laboratory-ს დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე რეიტინგის გაუარესებას ვენჩერული კაპიტალის ხელმისაწვდომობის პრობლემას და ასევე სამთავრობო ონლაინ-სერვისების შექმნის სიმცირეს უკავშირებს. მისი განმარტებით, იკლო კრეატიული პროდუქტების შექმნის მონაცემებმაც.
„სამწუხარო ამბავი, მაგრამ ჩვენი შედეგები და რეიტინგი ინოვაციების განვითარების მიმართულებით ისევ კლებულობს. Global Innovation Index-ის ახალი მონაცემების და 2022 რეპორტის მიხედვით, რომელიც აჯამებს წინა წლის შედეგებს, საქართველო 74-ე ადგილზე ჩამოვიდა. 2018 წელს საქართველო 59-ე ადგილზე იყო.
ძირითადი პრობლემები გვაქვს ვენერული კაპიტალის ხელმისაწვდომობის, განათლების, კვლევების და განვითარების, ასევე იკლო სამწუხაროდ კრეატიული პროდუქტების შექმნის მონაცემებმაც. მნიშვნელოვანი შემცირებაა ინდექსებში სამთავრობო ონლაინ-სერვისების შექმნის კუთხით, აქ 33 პუნქტით გაუარესებაა, 2018 წელთან შედარებით.
სამაგიეროდ მატებაა, IT აუთსორსინგის ექსპორტის მიმართულებით, რაც განპირობებულია ბევრი საერთაშორისო IT აუთსორსერული კომპანიის შემოსვლით, რომელმაც ფაქტობრივად, კოლაფსი გამოიწვია პროგრამისტების პოვნის და დასაქმების კუთხით, რადგან გვაქვს ძალიან მცირე მიწოდება და პროგრამისტების გადამზადების კულტურა !
ინოვაციები და ამ მიმართულებით სახელმწიფოს კონცენტრირებული ძალისხმევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის - მარტივად, რომ ვთქვათ, ინოვაციების მიმართულებით თუ არ იქნება მეტი მუშაობა, გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით ძალიან დიდი პრობლემები გველის. ეკონომიკური და სხვა სახის. Covid19-მა დაგვანახა ყველას, რომ ერთ დღეში მთლიანად შეიძლება შეიცვალოს ტიპიური ცხოვრების და ბიზნესის წარმოების წესი და აქაც ინოვაციები გადარჩენისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა“, - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ქაშიბაძე.