დედაქალაქის მთავრობა ფინანსთა სამინისტროსგან ტრანსფერის სახით 440 მილიონ ლარს მიიღებს და ჯამში თბილისის ბიუჯეტი 1 768 000 000 ლარი იქნება. როგორც მერიაში აცხადებენ პრიორიტეტულ მიმართულებებს ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები წარმოადგენს.
რაში და როგორ დაიხარჯება დედაქალაქისთვის გამოყოფილი თანხები - ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, რადიო „კომერსანტის“ ეთერში, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ ისაუბრა.
ირაკლი ხელაძის თქმით, თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი მორგებულია დედაქალაქის მაცხოვრებლების საჭიროებებსა და გამოწვევებზე. ამასთან მან საუბარში ხაზი გაუსვა იმას, რომ მას შემდეგ, რაც კახა კალაძე ხელმძღვანელობს დედაქალაქს, თბილისის ბიუჯეტი გაორმაგებულია.
„ჩვენთვის არ შეცვლილა პრიორიტეტები, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით პროგრამები, ასევე ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო მიმართულებები. გადაადგილების საკითხი ქალაქში ერთ-ერთ მწვავე პრობლემად განიხილება, ამ მიმართულებით, ჩვენ საკმაოდ ამბიციური ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა იგეგმება, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ქალაქში ეს პრობლემა,“ - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა ბიუჯეტის სოციალურ მიმართულებებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას.
„ოპოზიციის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვისმენთ, როდესაც იზრდება სოციალური პროგრამების ნუსხა, ამ შემთხვევაში მათი მხრიდან მოდის კრიტიკა, როდესაც ან მცირდება, ან პროგრამების ოპტიმიზაცია ხდება, ამ შემთხვევაშიც. მათი მოსაწონი მოცემულობა და საკითხი არ მინახავს. რა თქმა უნდა, ქალაქის მოსახლეობას სჭირდება სოციალურად გვერდში დგომა, სოციალური პროგრამები და ჩვენ ამისკენ ვართ მიმართული,“ - აღნიშნა ხელაძემ.
საკრებულოს წარმომადგენელს ასევე მოუწია პასუხის გაცემა იმასთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა თბილისის მერიაში ხელფასების ზრდა. ირაკლი ხელაძის თქმით, ხელფასების ზრდა იქნება იმ გადაწყვეტილების შესაბამისი, რაც ხელისუფლებამ საჯარო სამსახურთან დაკავშირებით მიიღო.
ირაკლი ხელაძის თქმით, ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი მიმართული იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/აღდგენისთვის, რომელიც ასევე მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. როგორც ხელაძემ აღნიშნა, იგეგმება ახალი 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, ამ ავტობუსებისთვის შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ბაზის მშენებლობა.
ირაკლი ხელაძის განცხადებით, თბილისის მთავრობის 2023 წლის გეგმებში ასევე შედის ავარიული შენობების გამაგრება ან ჩანაცვლება, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება/გაუმჯობესება და ა.შ.
„საკმაოდ პროდუქტიული ბიუჯეტია, მე ვფიქრობ, რომ იმ მაჩვენებლები, რომელზეც 2023 წელს ჩვენი დედაქალაქი და თბილისის მერია გავა, საუკეთესო იქნება ბოლო წლებისთვის,“- აცხადებს ირაკლი ხელაძე.