ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამით სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბებს ქმნის, რომლის მიზანიც ამ მიმართულებით მოსწავლეების ინტერესის გაღვივება და განათლების მიღებას ხელშეწყობაა.
პროექტის პარტნიორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროექტში სულ 30 სკოლა იღებს მონაწილეობას და თითოეულ მათგანს გადაეცემა არდუინოს გამოყენებით შექმნილი სამი Gismo რობოტი, რომელთა მოდელი MIT Media Lab-მა არდუინოს გამოყენებით შეიმუშავა. ამ რობოტებს ხელოვნური ინტელექტის კლუბები ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების პრაქტიკული შესწავლისთვის გამოიყენებენ. სკოლებში AI კლუბები 6 თვის განმავლობაში იმუშავებენ 10-20 მოსწავლის მონაწილეობით.
სკოლების შერჩევა მოხდა ერთობლივად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენელთა მიერ. სკოლის შერჩევისას ყურადღება ექცევა სკოლის გამოცდილებას კლუბების მართვის კუთხით, სკოლაში არსებულ ტექნოლოგიურ რესურსებს და სკოლის მიერ შერჩეული მასწავლებლის გამოცდილებას დაპროგრამებისა და ელექტრონიკის მიმართულებით. უპირატესობა ენიჭება რეგიონის და საჯარო სკოლებს. პროექტში გამოყენებული სასწავლო პროგრამა ეფუძნება MIT Media Lab-ის მიერ მოსწავლეებისთვის შემუშავებულ ხელოვნური ინტელექტის კურსს. სასწავლო პროცესის დაწყებამდე ტრენერების დახმარებით გადამზადდებიან მასწავლებლები, რომლებიც თავიანთ სკოლებში გაუძღვებიან ხელოვნური ინტელექტის კლუბებს უფროსკლასელებისთვის.პროექტის ფარგლებში შემუშავებული და თარგმნილი რესურსები ხელმისაწვდომი იქნება ილიაუნის ვებგვერდზე და მათ გამოყენებას ნებისმიერი სკოლა შეძლებს. პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლებისთვის გაიმართება შეჯიბრება, რომელშიც მოსწავლეები გამოიყენებენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღებულ ცოდნას. პროექტი 60 მოსწავლისთვის 2-კვირიანი სასწავლო ხელოვნური ინტელექტის ბანაკით დასრულდება. დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მიზანია, დააფინანსოს სპეციფიკური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს საქართველოს მოქალაქეთა განათლებაზე, - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბის მენეჯერი, ავთანდილ მღებრიშვილი.
პროექტის მენეჯერია ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი.
პროექტში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორები-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ერეკლე მაღრაძე. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია "ფაბლაბ ილიაუნის" დახმარებით.
ავტორი: ბელა გელაშვილი
წყარო: აგროგარემო Tv