ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ინვესტორებთან შეხვედრაში, რომლის დროსაც განხილულ იქნა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებული აუქციონების ჩატარების პროცედურები. შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). შეხვედრას ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავის გამოსვლაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში. მისი განცხადებით, საქართველოსთვის, რომლის ეკონომიკაც სტაბილურად ვითარდება, მისი ენერგეტიკული შესაძლებლობების მდგრადი ზრდა უმნიშვნელოვანესია. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის რესურსების დიდი პოტენციალი, რომლის ათვისებაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. მან ასევე გაამახვილა ყურადღება ხელისუფლების ამბიციურ გეგმებზე, რომლებიც მიმართულია მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განვითარებისკენ. მათ შორისაა, როგორც ადგილობრივი ენერგორესურსების ათვისება, ისე შავი ზღვის ენერგოკაბელის მშენებლობა, რომელიც საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონს ევროკავშირთან დააკავშირებს. რომეო მიქაუტაძის თქმით, ყოველივე ეს გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხს.