რუსეთი საქართველოსთან ფრენებს აღადგენს, მაგრამ რამდენიმე პირობას აყენებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შეჩერება დროებითია და საჰაერო მიმოსვლა იმ პირობით აღდგება, თუ საქართველოში სიტუაცია დასტაბილურდება, ქვეყანაში რუსოფობიური კამპანია შეწყდება და როცა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ თავს, წერს TASS-ი.
როგორც რუსული მედია იუწყება, რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების და მისი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია მინიჭების გადაწყვეტილება მიიღოს, თუ ამისათვის ორ ქვეყანას შორის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა.
„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისთვის აუცილებელი წინაპირობები შეიქმნა, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას არ გამოვრიცხავთ,“ - განაცხადა დიპლომატმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის ორნიშნა ციფრულამდე ძირითადად შემომავალი ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის შთამბეჭდავი შემოსავლების წყალობით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალათ საქართველოში ფრენა. ამავე დღიდან ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა