2022 წლის 6 მარტს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე უკრაინის რუსული ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ონოფრეს ტელეფონით დაუკავშირდა. რუსეთის პატრიარქმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან უკრაინის რუსული ეკლესიის 20-მა მღვდელმთავარმა თავიანთი ეპარქიებით შეწყვიტეს პატრიარქ კირილეს მოხსენიება. ამა წლის 2 მარტს რუსეთის საპატრიარქომ განაცხადა: “ვინც რუსეთის პატრიარქის მოხსენიებას შეწყვეტს ის სქიზმატია და შესაბამისად დაისჯება”.
სატელეფონო საუბრის დეტალები რუსეთის პატრიარქ კირილესა და მიტროპოლიტ ონოფრეს შორის “მსოფლიო საეკლესიო სიახლენს” ექსკლუზიურად უკრაინიდან, მიტროპოლიტ ონოფრეს გარემოცვიდან მოაწოდეს, რომელსაც გთავაზობთ:
“პატრიარქი კირილე: თქვენო უნეტარესობავ, სუმის მიტროპოლიტ ევლოგის საქციელი მიუღებელია, რადგან მან ჩვენი მოხსენიება შეწყვიტა. ის ამის გამო დაისჯება! ჩვენ მას განვკვეთავთ და პასუხს ვაგებინებთ!
მიტროპოლიტი ონოფრე: თქვენო უწმინდესობავ, მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მეუფე ევლოგის და ყველა ჩვენს მღვდელმთავარს [გულისხმობს მათ ვინც პატრიარქ კირილეს მოხსენიება შეწყვიტეს]. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ! კი მაგრამ როგორ უნდა მოქცეულიყო მეუფე ევლოგი, რომლის ეპარქია აღარ არსებობს?!”.
მიტროპოლიტ ონოფრეს გარემოცვა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მიტროპოლიტი ონოფრე ძალიან მკაცრად ესაუბრა რუსეთის პატრიარქ კირილეს.
შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის რუსული ეკლესია პირდაპირ რუსეთის პატრიარქსა და მის სინოდს ექვემდებარება, 20-მა მღვდელმთავარმა შეწყვიტა პატრიარქ კირილეს მოხსენიება და რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებლობას ითხოვენ. ასევე მრევლში გაიზარდა ანტირუსული განწყობები, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს უკრაინის რუსული ეკლესია საბოლოოდ გამოეყოს რუსეთს.
wennews.ge